понедельник, 29 апреля 2013 г.

სააგენტოების უმრავლესობა მომხმარებელს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს

2010 წელს საქართველოს კურორტებზე მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით უცხოელი ტურისტების მხოლოდ 1% იყო ჩამოსული. მკურნალობის მიზნით ქვეყანაში მაცხოვრებელთა 9 % –მა იმოგზაურა.
2010 წელს საქართველოში სულ 2 032 586 უცხოელი მოგზაური იმყოფებოდა. ქვეყანა წლის ბოლოს რეკორდული რაოდენობის, 3 მილიონ ტურისტს ელოდება. თუმცა, საქართველოში სამედიცინო ტურიზმს განვითარება სჭირდება. ამავე დროს, ეს დიდი შესაძლებლობაა ინვესტორებისთვის.
საქართველოში 103 კლიმატური და სამკურნალო კურორტია. ქვეყანაში მსოფლიოში არსებული ყველა სამედიცინო პროფილის კურორტია წარმოდგენილი, ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილის ბექა ჯაყელის განცხადებით. ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თბილისში არსებული ბალნეოლოგიური ცენტრი. დედაქალაქებს შორის ასეთი ცენტრი მხოლოდ თბილისსა და ბუდაპეშტშია.
ქართული ტურისტული სააგენტოების უმრავლესობა, მიუხედავად ქვეყნის დიდი პოტენციალისა, ტურისტებს სამედიცინო ტურებს არ სთავაზობს.
ექსპერტების თქმით, ცუდი ინფრასტრუქტურა და რეკლამის არარსებობა არის მთავარი პრობლემები, რაც აფერხებს საქართველოში სამკურნალო ტურიზმის განვითარებას.
„როგორ უნდა გავყიდოთ სამედიცინო ტურპაკეტები, როდესაც ელემენტარული ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს. ამ ტიპის პაკეტებზე მოთხოვნა არ არის,“ – განაცხადა საქართველოს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა.
„ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტები ძირითადად მაღალმთიან რაიონებში მდებარეობს, სადაც ინფრასტრუქტურა განუვითარებელია. ტურისტები არ ჩამოვლენ სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება,“ – ამბობს საქართველოს ექიმთა ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე ზაზა ხაჭიპერაძე.
ტურიზმის ექსპერტის მარინა მეტრეველის თქმით, ამ სექტორის განვითარებისთვის მთავრობამ უნდა შეიმუშაოს ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია, რაც მხოლოდ გზების რეაბილიტაციას არ გულისხმობს, ადგილობრივ მცხოვრებლებს უნდა ჩაუტარდეს სემინარები და ტრეინინგები, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ საცხოვრებელი პირობები და როგორ იურთიერთონ ტურისტებთან.

ბექა ჯაყელის თქმით კი „ამჟამად, ინვესტორები უკვე მუშაობენ საირმეში, გარკვეული გეგმები აქვს მთავრობას წყალტუბოსთან დაკავშირებითაც.

Tourism and Entertainment group – ი ერთადერთია ტურისტული სააგენტოებიდან, რომელსაც შიდა სამედიცინო ტურები აქვს. სააგენტოს დირექტორს ავთანდილ ჭედიას ერთი წელია რაც ეს ბიზნესი აქვს და მისი თქმით, რამოდენიმე უცხოელმა ისარგებლა სამკურნალო ტურით.

მისი თქმით, წარმატებული სამედიცინო ტურიზმი რეალობისგან ძალიან შორს არის. კურორტებზე არ არის კეთილმოწყობილი სასტუმროები და საოჯახო ტიპის სახლები. ინტერნეტში კურორტების ფოტოებიც არ მოიპოვება, რომ ტურისტმა ნახოს და გაუჩნდეს იქ გამგზავრების სურვილი.

„მარტო მთავრობას არ შეუძლია ყველაფრის გაკეთება. ადგილობრივმა მოსახლეობამაც უნდა შეუწყოს ხელი, მათ უნდა შეაკეთონ სახლები. საცხოვრებელი პირობები უკეთესი რომ იყოს, ჩვენ ჩამოვიყვანდით ტურისტებს, რაც მომგებიანი იქნებოდა როგორც ჩვენთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის,“ – ამბობს ჭედია.

ზაზა ხაჭიპერაძის თქმით, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის ბევრი ასოციაცია არსებობს და მათთან ერთად ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე გავიდნენ.

http://www.presage.tv

Комментариев нет:

Отправить комментарий